Jan
14

ცის სუნი

თვალის გუგებში ხანდახან ფილმები მაქვს. ეხლა მგონია მაწონი ვარ, რამოდენიმე დღის განმავლობაში თავღია რომ დატოვეს და სიხმელის უფერულობა მწვანე ქილიდან ატანს.
ეს ავადობები ლიმფური ბურთივით მაქვს, ხან სად მეჩხირება და ხან სად. კუდუსუნის ძვალი ამოგლეჯილი ფესვივით მეჩაჩხება და ტანის გვერდებში თავღიად დატოვებული დენის შნურებივით მაქვს, მცირეოდენ უხერხულად თუ დავჯექი ორას ოც ვოლტს რომ მირტყამს.
შარშან თუ მუდმივი დენის გამო სისხლის სუნით ვიხრჩობოდი, ამ ზამთარს ბრონხები დაბღუჯული თმით მაქვს ამოვსებული, ყველა ამოხველებაზე მგონია რკინის დიდი ჩანგლით გულ–მკერდს ვიფხან შიგნიდან.
უძილობისგან ფლავის ხორცივით მოხარშული მაქვს კუნთები. ვერ წარმოვიდგენდი ვერაფრით ამდენს თუ შევძლებდი, სხვისი გადმოსახედიდან განა რამდენს, მაგრამ აბა ჩემთვის.
ხანდახან სამსახურში მეყვინთება, გოგონას ვხედავ კიკინებიანს, სახტუნაოთი ხტუნაობს და ყავისფერი ფეხსაცმელები სიამოვნებს. ხანდახან ბიჭსაც, დიდი ხის ჯოხით ეზო ეზო დადის და ჭიშკრებს ურახუნებს საკრავივით.
ისევ მეღიტინება წარბები.
მაგრამ კარგი ამინდია, ყველაზე დიდი მიზეზი რომ გავიღიმო, მერე რა, ხვალ დავისვენებ და დავიმუხტები.
ხვალ უფრო მალე გათენდება.

Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp