20
ბოდიალის 102 საათი (Part I)
ოთხშაბათს საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ხუთშაბათს მატარებლით ზუგდიდამდე და მერე მარშუტკით მესტიამდე.
ბილეთები არ დაგვიჯავშნია, თითო ბილეთის დაჯავშნისთვის +5 ლარი უნდა გადაგვეხადა და ჩვენი მწირი ბიუჯეტისთვის ზედმეტი დარტყმა იქნებოდა. მატარებლის გასვლამდე ოცი წუთით ადრე ოთხი ბილეთი ვიყიდეთ,მაგრამ ყველა ადგილი სხვადასხვა კუპეში იყო და ყველა ზედა საწოლის. რუსულენოვანმა პრავადნიცამ დიდი ვერაფერი იმედი მოგვცა, არც გვერძე ვაგონში იყო რამე ხელჩამოსაჭიდი. ჩვენდა ბედად სულ მოხუცები და ბავშვიანები იყვნენ. საათნახევრის კომბინაციების შემდეგ ,ერთ კუპეში ვისხედით ოღონდ ხუთნი. დილისკენ უკვე ხუთნი კი არა ექვსნი ვიყავით, რამეთუ 18 წლის ინგას რომელიც პირველად მგზავრობდა მარტო, დაქალის ძმა არ ათიშინებდა ტელეფონს
.
ლიტრანახევრიანი კონიაკის ზემოქმედების ქვეშ რომ შევზარხოშდით, აბა პირველი ფოტო გადავიღოთო და საფოტოვე ადგილები და ღიმილები დაიკავა ყველამ, მაგრამ ვაი. დავითს მეხსიერების ჩიპი დარჩა ლეპტოპში. სიცილისგან ვერ ვფიქრობდით რა უნდა გვექნა,მაგრამ მეგობრობა რას არ იზამს,ჩიღო დათოსთან მივიდა სახლში დილის 3 საათზე(მუშაობას ამ დროს ამთავრებს) და კარებთან “welcome” ის ქვეშ სალომეს დადებული ჩიპი დილის 5საათზე მესტიისკენ მომავალ მარშუტკას გამოატანა.
მატარებლიდან რომ გადმოვედით ცისმარე მზემ გურამას თავზე ინგას თვალების წენი ააბრჭყვიალა. ვინ რომელ საათზე რა პოზაში გაითიშა არ გვახსოვდა. ბაქანზე ჩემი მეგობარი გალაქტიონ ლატარია დაგვხვდა. მე რომ მუშაობა დავიწყე ოთხი წლის წინ ის სტაჟირებას გადიოდა თბილისში საკრედიტო ექსპერტობაზე, მას მერე არც მინახავს, სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ვკონტაქტობდით და ისიც ხშირად სამსახურეობრივ საქმეებზე. რავარი პატივისცემა და მასპინძლობა ცოდნიათ ზუგდიდში. გამთენიისას ოთხი მუტრუკი რო მოგადგება კარზე და თანაც რანაირი. მესამე ჭიქა არაყზე გალოს მამამ ისტორია მოგვიყვა თუ როგორ გაცვალეს დადიანებმა მჟავიების გვარი ძაღლში თავის დროზე. საცოდავი გურამისთვის მას მერე სახელით არ მიგვიმართავს, სულ ძაღლში გაცვლილო ვეძახეთ.
როგორც იქნა ათ საათზე მოათრია ენ რაოდენობის მაკარონი მესტიის მარშუტკის მძღოლის ცოლმა. მოვკალათდით და ისე უბრალოდ ვიკითხეთ რამდენ ხანში ჩავალთო, ჩვენს გაოცებას საზღვარი არ გვქონდა რომ გავიგეთ 135 კილომეტრის გავლას ოთხ ნახევარი საათი სჭირდებოდა. ბიჭები ისეთი მთვრალები იყვნენ (პ.ს. დილის 10საათია) ფანჯარას რო მიადეს თავი შესვენებამდე არაფერი გაუგიათ. გზაზე კუბდრები ვჭამეთ და რახი დავლიეთ, ის ძაღლზე გაცვლილი უკვე მე სვანი ვარო იძახდა და არ ჩერდებოდა.
მეასე კილომეტრზე მივადექით გზის იმ მონაკვეთს რომელიც მთლიანად ჩამოშლილი იყო. ვიდექით, ხან ვიწექით, ხან ვიჯექით და ვუყუდებდით როგორ ნელნელა შენს თვალწინ იშლება მთა და ტრაქტორების ყოველი გამეტებული მცდელობა კრახით მთავრდება. თბილისიდან გამოსული მარშუტკაც წამოგვეწია და სანატრელი ჩიპიც ფოტოაპარატში ჩაიდო.
ოთხი საათის ლოდინის შემდეგ აღარც ხედის ყურება შეგვეძლო, აღარც გახურებულ მარშუტკაში გაჩერება და მით უმეტეს მძროლის ცოლის ტელეფონზე “ქრისტე აღსდგა მკვდრეთით” დაყენებული ზარის მოსმენა, არადა რამდენს რეკავდა შმაგი.
ჩვენ სამმა გადავწყვიტეთ ბარგი და გურამა დაგვეტოვებინა, ფეხით გადავსულიყავით ამ ზვავ მოწოლილ გზაზე და მეორე მხარეს მიბრუნებულ რომელიმე მანქანას გავყოლოდით, თუ კი ასეთი იქნებოდა. გადასვლა არ გვირჩიეს, მაგრამ რამე რომ არ გვექნა შიგნიდან გავსკდებოდით და მერე ვაი მტერს.
ჰორიზონტალირად ხელი ხელ ჩაჭიდებულები დავადექით გზას, ხოდა სამივე ერთნაირად ჩავეფალით მუხლსზემოთ ტალახად ქცეულ მიწაში. უკან რომ მოვბრუნდით, ნაზამთრალი ყინულის ახალგამდნარ მდინარეს შევეყუდეთ და ტალახი ვითომ ჩამოვირეცხეთ. კიდევ ერთი საათი გავიდა და უკვე ყველა მძღოლი თუ მგზავრი მთვრალი იყო, ლოდინზე ფიქრით რომ დაიღალნენ მაგიტომ. მასპინძლის ნათესავმა მოგვაკითხა მანქანით გზის იქითა მხარეს, ერთხელ გადავლილებს მეორეჯერ ის გზა რომ ისევ გაგვევლო წარმოუდგენელი რამე იყო, სად იყო და სად არა ხის მორები რომ დააქვს ხოლმე უდიდესი მანქანა მაგან გამოიარა და გზა და უგზობა მე არ ვიციო და გოგოები და ბარგი “სალონში” შეგვსვეს, ბიჭები უკან მობმულები, გზას გადავასწარით და მთა ისეთად ჩამოიშალა ტირილი მომინდა.
გზა და გზა ესალმებოდა მასპინძლის ნათესავი ტრაქტორის მძღოლ თურმე გამგებელს, მის მოადგილეს და კიდევ თანამდებობის პირებს, ისიც თანამდებობის პირი იყო და თურმე მაგიტომ მის მოსვლაზე დიდი იმედებს ამყარებდნენ სხვა მგზავრები. სახლში რომ მივედით ლუკმა ლუკმა ვყლაპეთ და 17 საათიანი მგზავრობით დაღლილები ისე გავითიშეთ დილამდე ფერი და ტემპერატურა არ გაგვიგია.








