11
ქვის მტვერი
გარეგნულად არაფრით განსხვავდება სხვა დანარჩენი ერის გენეტიკური ნიშნებიდან.
როცა ასაკს ეკითხებიან, პასუხამდე აუცილებლად მესამე პირი ჩაერთვება ხოლმე და აძალებს კითხვის დამსმელს გამოიცნოს…
ყოველთვის და მინიმუმ სამი წლით უფრო დიდ ასაკს ვარაუდობენ ხოლმე. რეაქცია არასოდეს ჰქონია გამოხატული ან რამე, მაგრამ ეხლა უკვე აღიზიანებს გამონათქვამი “მგონია რომ ასი წლის ხარ”, ან “უფრო დიდი ადამიანის გამომეტყველება გაქვს”, ან “შენ ძალიან განათლებული იქნები “. თვითონ არ იცის სხვა ქალებს მოეწონებოდათ თუ არა ასეთი მიმართვები და ჩათვლიდნენ თუ არა ამას კომპლიმენტად.
სამაგიეროდ ძვლები უჟრიალებს როცა ეუბნებიან “საშიში ხარ”, “მაბნევ”,”რა პატარა ხარ”,”რა ქალური კითხვაა”…..
კვირის ბოლო იწურება, თან ამ დღეს კალათბურთის მატჩზე ბილეთები აქვს. ძალიან უყვარს კალათბურთის ცოცხლად ყურება, აზარტში ამოზნექილი ადრენალინია. მიუხედავად ამისა ნაბეგვი ნიგოზივით გრძნობს თავს.
ცხელოდა ძალიან გუშინ. კომუნიზმის სპიჩკის კოლოფებივით ნარჩენ კოსპუსის აივანზე თავის ტკენამდე უცნაური ამოცანების ამოხსნა დასწრებაზე. მერე თავნატკენი შუაღამეზე სხვა კორპუსის ბოლო სართულზე ავიდა, მეგობრის ხათრით თორემ სიზმარი ენატრებოდა. ბოლო სართულიდან ზევით პენტჰაუსი დაიწყო, სამოთხესავით მცენარეებით მორთული, ხეში ბუხრით, ოღონდ ბუხრიდან ამ ჯერად სიგრილე გამოდიოდა, და ბევრი ბგერებით, საიდან მოდიოდა რომ ვერ გაიგებდი. სასაცილო სიგარეტებს აძალებდნენ, იმათ ეგონათ ეს კომპლექსდებოდა რომ არ იცნობდა ბიჭებს და იმიტომ.
მერე წამოსვლა აღარ უნდოდა.
ყვითელი კედები,იასამნისფერი შარვალი და მწვანე მაისური აცვია. ლურჯი უსწორმასწოროდ აჭრილი თმები აქვს და მელნისფერი ბურთი უქანავებს ყურზე. ტატუც აქვს, ზურგზე გაშლილი ფრთები ახატია ზურგის მალებზე. ამ ბოლო დროს უცხოპლანეტელებს ხატავს ხეზე და ოთახში ინახავს. ეზარება ხალხისთვის ჩვენება. დააგროვებს და მერე ყველას ერთად გამოამზეურებს ალბათ.
შავ ქვას თეთრი ნიგოზის მტვერი ედება.
მბეზრდება.

4
მას-მას
დღეს ყველაზე მეტად თბილად ჩავიცვი სამსახურში სანამ წამოვიდოდი, ჰო მერე რა რომ ოთხი აგვისტოა, თბილად იმიტომ რომ მთელი დღე კონდიციონერში მინუს ექვს გრადუსი ტემპერატურაში ჯდომა სულ მთლად მიყინავს კანს და ფილტვებს.თუმცაღა “გამოხდა” ისეთი სიტუაცია რომ ქალაქი პარალიზებულია უშუქობის გამო და გენერატორი კონდიციონერს ვერ ეწევა, ხოდა თუ აქამდე გარეთ გასათბობად გავდიოდი ეხლა გასაგრილებლად ცივი წყალი საიდან შევისხა აღარ ვიცი.
სიტუაცია იქით იყოს და ჩემი სკოლის, რუსულის მასწავლებელი მოვიდა დილას,ქალბატონი ვალია ზარქუა. უსაშველოდ მსუქანია დღესაც,თუმცა მაშინ ამაზე უფრო დიდი გვეჩვენებოდა ჩვენი სიპატარავის გამო, ალბათ. მიყურა მიყურა და “კაკ ტა მეცნობი კავტარადზე”–მეუბნება. ჰმ, აბა რა იქნება სამი წელიწადი “კავტარადზე პაჩიტაი ი გადატარგმნე”–ს მეტი არაფერი უძახებია და რატომაც არ ვეცნობი.მეცხრე კლასის გაზაფხული რომ იწურებოდა ეს ხომ ამხელა იყო და ერთი გასუნსული კლასელი მყავდა გელა ჯოჯუა,ერთი ოხრისთავი,ორთაჭალაში ცხოვრობდა გელა და იმ ჭალადან ხვლიკი მოათრია ერთხელ ქილით,ვალიას უნდა ჩავუგდო ზურგში და რამდენჯერაც კლასიდან გამაგდო დაგროვებულად ამოვიღო მაგის ხოშიო.ხოდა ამას რომ დაამატებ კი დაგიფრიალებენ საბოლოოდ სკოლიდანაც თქო, მერე რა მოხდა ფრაგმენტულადაც არ მახსოვს არც გელა და არც ეს ქალი.
ხანდახან, ანუ მხოლოდ მაშინ როცა რამე ესეთი მოხდება რომ ამაზე ფიქრს მაწყებინებს, მგონია რომ სკოლის პერიოდში და განსაკუთრებით ბოლო სამი წელიწადი ასი კილო ლოდი მედო მთელს სხეულზე და ისე დავდიოდი. გაუგლეჯავი ბორკილივით დაბმული ვიყავი სახლიდან სკოლამდე და უკან გზაზე.სკოლის ბოლო დღეს სხვა გოგოებისა და ბიჭებისგან განსხვავებით, რომლებმაც ერთი ორი ცრემლიც გადმოაგდეს, მე მიხაროდა, ხვალიდან იწყებოდა დიდი ტრამპლინის პირველი დასაწყისი. ისე ბავშვობიდან გული თითქმის არაფერზე მწყდებოდა მძაფრად, უბრალოდ ისეთ რაღაცეებზე ვფიქრობდი , მოვლენებსა და საგნებს ისე აღვიქვავდი და ვითავისებდი ასე ვთქვათ მთლიანად ვირგებდი თუ ვხმარობდი…. ბოლო ზარიდან ყველაზე მეტად, რაც ეხლა თავში აზრად მომივიდა პირველი ნაუ სონღულაშვილის უკიდეგანოდ, თითქოს ფერადი,ლაღი სახე და გამომეტყველებაა. ამ ხნის განმავლობაში და შემდეგაც ალბათ იშვიათად თორე აბა რატომ ვერ ვიხსენებ, მენახა ესეთი გულწრფელი სიხარული და სუფთა სახე. ალაბთ მაშინ პირველად, ნამდვილად დამწყდა გული საკუთარ გულზე, კოჭებამდე ჩაკიდულზე.
25
ასფალტის ცა
ბნელოდა მაგრამ ისე არა რომ საგნები ვერ გამერჩია, კი არ მიდიოდა მიაბოტებდა, საბურთალოს სასაფლაოს გავდა მაგრამ თითქოს არც,სხვა ცოკოლები დიდუბისას უფრო, ერთ ერთს მიადგა შავი ცოკოლი იყო ორ ადგილიანის, გვერძე ვიღაცამ აკაციის ჯოხი მისცა,არაფერი უთქვამს, თვითონვე რატომღაც ეს ჯოხი მარჯვენა საფლავს დაადო, ახალ ყრილს გავდა და ალბათ იმიტომ,. მარმარილოს ზღვრის პირამდე სავსე ყოფილა წყლით, ჯოხის დაჯახება იყო მიწასტან და ზუსტად მისის სიმაღლის ტოლი საფლავის ჭრილი იმ ყვავილებმა გაანათა რომ უყვარდა, სახელებიც კი არ იცის მაგრამ ძალიან რომ უყვარს, ოღონდ ცოცხლები,მინდორში მზეს რომ ირეკლავენ და საოცრად უხდებათ მწვანე.
სადღაც ქვაფენილიან დიდი ქალაქის დიდ მოედანზე კონკაში იჯდა და გაჩერებას ელოდებოდა.დიდი ჭახუნით მიათრევდა რელსებზე რკინის ბორბლებს. ისევ ნაცრისფერი იდგა. ვაგონში სხვა ხალხიც იყო ოღონდ ყველა უცხო. ორი კარი ერთდროულად გაიღო, სამი ბიჭი ერთდროულად ჩავიდა სხვა კარიდან მიშტერებულები უყურებდნენ და თან ერთმანეთში თითქოს რაღაცას დაობდნენ. ის სხვა კარიდან ჩავიდა და ნაპოლეონის კარზე მიღებები რომ იყო ისეთ დარბაზში აღმოჩნდა. გულზე მზის ფორმის საკიდი დაკიდეს, გაანათა და შეუშვეს.
-რა არ შემომიშვბდით რომ არ გაენათებინა?
-რატომ არ ლაპარააკობს არავინ?
უშველებელ თეთრ მაგიდაზე დიდი ვაზები იდო და ამ ვაზებში მინდვრის ყვავილები, ჩალაგებული,სამზადისი იყო რაღაცის.
თავზე რქიანმა უშნოდ ლურჯმა ცხენებმა გაანგრიეს მაგიდა შუაზე და ჰაერში აბზინვარებული ყვავილები ფეიერვერკივით ქრებოდნენ.
ისევ იმ საფლავთან იდგა, ჯოხი სახესთან ქონდა თითქმის მიბჯენილი, ირგვლივ არაფერი ჩანდა, გარდა მისის სახისა რომელსაც ჯოხის წვერშე შერჩენილი წვეთი ანათებდა. ერთი ცაისუნთქა და გვერძე მოიხედა
-ეს შენი საფლავია
გაქცევა ისე ძალიან მოუნდა რომ………..
გამეღვიძა…………..
ბევრჯერ დამსიზმრებია მიცვალებულები, კუბოებიც მინახავს ათასნაირად, სხვადასხვა ფერებში თუ პოზებში გვამები,შინაგანი ორგანოებიც, მივეჩვიე და სიზმარშიც კი არ მეშინია,
თუმცა საფლავი და მითუმეტეს ჩემი ჯერ არასოდეს………………………..
21
ჩართეთ მონო!
უცნაური გარეგნობის იყო ძია, ქუდები უყვარდა, ალბათ იმიტომ რომ სულ სციოდა თავზე უთმობის გამო,ბავშვებსაც უყვარდათ ქუდები თითქოს ძიასავით. ძიას თავის თავში ყველაზე მეტად ის მოსწონდა, ფეხებზე უფრო ხელები რომ მძიმე ქონდა. ბავშვები სულ იცინოდნენ როცა ის ლაპარაკობდა, ყურის ნიჟარასთან გიღიტინებდა ხმა.
ერთელ ძია მიხვდა რომ თანაგრძნობა მისი არც არავის სჭირდებოდა, სინამდვილეში თანაგრძნობა არ არსებობს და სრულიად ამორალური ტყუილია.შეუძლებელია ღორმა ღორს უთანაგრძნოს იმ გულისწყდომის გამო რომ მათლაფის ნაკლები რაოდენობა შეხვდა.ადამიანების წინა იერარწიული ყოფა მაიმუნი კი არა ღორი იყოო, ფიქრობდა ის. ურთიერთობების გარდა ყველაფერს კარგად იგებდა და აღიქვამდა უკეთ იჯერებდა და სწამდა. ამიტომაც იყო ამის უკმარისობის კომპლექსებით ისე გამოიჭედა რომ რაღაც ზღვრის მერე წყალშია და პეპლებს ელოდება.
თამბაქოზე მეტად სიგარაზე თრთოლდებოდა, უფ რას ნეტარებობდა, რას ამდენ თუთუნზე. ამიტომაც თითები, თვალის უპეები და უკვე ტუჩეbიც სიყვითლისკენ ფერდებოდნენ.ერთელ ძიამ პლაშის ჯიბიდან ისეთი რამე ამოაყოლა ხელს მიხვდა რომ დაავიწყდა ბოლოს როდის და როგორ იცინa.
ძიას აღარ ეშინოდა საკუთარი გრძნობის, მალე მოკვდებოდა და ვერაფერს მოასწრებდა ღირებულს კუბოს ფიცრამდე. ვერ ხვდებოდა ძია რატომ განიცდიდა ამას სიბერემდე და ახლა…………..
სული მეხუთება ამ ქალაქში, ჰმ, არადა მხოლოდ ერთი მაქვს………….
16
Me Japan
მამშვიდებს ეს იაპონური,სასწორივით გაჭიმული სიდინჯე.ტოტივით ამოზრდილი სიმძიმე და ამით გადაბმული ემოციები. ხერხემლის ტვინში დამალული ღვინო და ბუდა გაბრუებული.
ამ საღამოს ჩავუჯდები წვრილთვალებების ფილმებს………..

14
შუბლზე ალოკილი თმა
ხის გოგონა ცოცხით დაფრინავს და ვარდისფერი ქუდი ახურავს….
იქეთ, თბილისურ პომპონურ გართობას ეხლა უღიმღამო ფეხბურთის გულშემატკივრობა დაემატა, მსოფლიო ჩემპიონატია ბოლოს და ბოლოს….
აქეთ, მშრალად დაფუფქული კანში გამომძვრალი რუჯი,სიცხისგან დაბერილი ყვიმრალები და თევზებივით უხმო სუნთქვა, ჰაერის უკმარისობით.
იქვე ახლოს კი.
მდედრული არსებისთვის ალბათ იმაზე უფრო სასიამოვნო არაფერია როდესაც ოცდაათს გადასცილდი, შენი სხეულის ნაწილებს ბავშვების ნაჯლიგინები ტერფები ეტყობათ და მაინც…. ნამდვილ კაცურობაში ახლად აბიბინებული “შველისთვალება” ბიჭები ჩანჩქერივით გადმოსხმული ვნებებით გიყურებენ. თუნდაც მხოლოდ გიყურონ. შეხებაზე უფრო სასიამოვნოა როცა თვალებით გხდიან, ცალი ლოყისკენ ჩასაფუშად გაწეული ტუჩის მოძრაობები დაუჯერებელ ფანტაზიებს ყიდიან, გული ზუსტად ისე ცემს უსაშველოდ დაქანებულ მთაზე თხოლამურით რომ მოსრიალებ და *ბუგაროკებზე წნევა საით გარბის რომ ვერ ეწევი,გაჩერდები და ამ ჟრიალის გახსენებაზე კიდევ უფრო იღგზნები. დიდ ხანს უფრო დიდ ხანს გრძელდებოდეს…… არაფერი გახსოვს და არაფერს ნატრობ, უბრალოდ თავის ქალიდან გამოქცეული ჭიანჭველები ტბებში ხტებიან, კიდევ, კიდევ, ერთხელ, თავიდან….
სინამდვილეშიც ხომ დაუხატე ბუნებას არსობრივი მიზანი, შენნაირები– შვილები, საზოგადოებისთვისაც იმოდენა ხარკი გაქვს გადახდილი, იდეალური ცოლი. ხანდახან ფიქრობ ნუთუ ასეთ ჩიასუსტ არსებას რამდენი გამიღია…..მაინც ვერ გამიხდია….. გეშინია თითქოს ქალი კი არა უსახური ქალი ხარ, იმდენად ძლიერი რომ ამხელა ცდუნებამ ვერც კი მოგძიძგნა… და რა…. რაში….
დაუდე პირობა თავს, თუ კი ათი წლის შემდეგაც ასე შემოგხედავს ვინმე კი არა, ესეთი, შენზე აფეთქებული…. როგორც იმ ელვიან საღამოს….არ დახუჭავ სოციალურ ყოფაზე ნაყურებ თვალებს, ჩაყვინთავ შენც, ტბაში, ფსკერამდე…………..
სადღაც ვარდისფერი ქუდით, დაფრინავს გოგონა ხის…………
(*მომიტევოს მკითხველმა ეს სიტყვა არ ვიცი ქართულად)
8
თეთრი კეპი
თითქოს მე სახლი ვარ და თავში როგორც ფანჯარაში კამერაა დაყენებული, ქუჩის ყველა ეპიზოდს დაგეგმილი სცენარივით ხედავს.
ცხვირზე ხელ მოჭერილივით შეუკრავს სუნთქვა საჯარო ბიბლიოთეკას. კაცის მუცელივით უძირო საცავში წიგნის სუნები ფშვნიან ჰაერს.
ძველ ტოტებში გამოზრდილ ურთიერთობაში ჩავეჭედე ქვაფენილის ნატეხივით.
მერე ვურახუნეთ ღამის კედლებს ახალი წერაქვები, კიდევ გადმომივიდა თვალებიდან სისხლი და შემეშინდა.
წყალში კომოდის უჯრები დაცურავენ და ვერ ვწვდები რომ დავალაგო. ამ ბოლო დროს საკუთარი პერსონაჟები მეთამაშებიან და ხვდებიან რომ არიან.
ალბათ ძალიან სასიამოვნოა, როცა შენზე ფიქრობენ, წერენ, ხატავენ,უკრავენ, თუნდაც ფოტოებს გიღებენ.
მე სახლი ვარ და თავში, როგორც ფანჯარაში……………
4
ორი ამპულა
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, აქ,ზუსტად ამ ადგილას შემაღლებაზე ჩამოვჯდებოდი, დიდი კედებითა და ისევ დიდი ჯინსისი კურტკით.ზაფხულშიც მომწონდა კურტკით სიარული დაცულად ვგრძნობდი თავს და იმიტომ.ყველაგან სადაც ახლა კაფეა სამხატვრო სახელოსნოები იყო, ცარიელი, მიტოვებულივით.ჩემთვის სავსე და ფერადი. ვიჯექი და ვფიქრობდი ბევრს,თავისუფლად, დამთავრებული და დაუმთავრებელი ნახატები მომწონდა, ვოცნებობდი დიდ ფუნჯზე და დიდ ქალაქებზე, ცვლილებებზეც. პასტით ვწერ ბლოკნოტში, ექსპერიმენტს ვატარებ, მეთერთმეტე კლასის მერე არაფერი დამიწერია ასე.
–ამჩო მოვიდა.
ფეიერვერკები გასკდა ცაზე, ალბათ ვინმეს დაბადების დღეა ან მორიგი სახალხო რომელიც არ ვიცი რომ არის.
აქ ტიხრულ მინანქარს ადუღებდნენ, ჭუჭყისგან დაბურული ფანჯრის მიღმა, კიდევ უფრო ჭუჭყიან ღუმელში, ერთი თვალით ჩამეხედა სული მძვრებოდა.
ეხლა გაცილებით მძიმე ვარ,სუფთად ვზივარ მაგიდასთან, სუფთა ფანჯარას ვუყურებ. საიდანაც ახლა უკვე თბილისური ბოლო ბოდის ტანსაცმელი მყიდველს ელოდება. საკიდზე პიროვნებები არიან,როცა იცმევენ სახე ეკარგებათ და ტანს ემსგავებიან.სულ არ მინდა ამათი ჩაცმა, ესე უფრო მომწონს.
–ნოკამის მუზა მოვპარე,რის გამოც შეწყვიტა წერა,ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა ვინ არის ჩიღო და რა უნდაო, ის ცოტა მაგრამ საყვარლად მსუქანი ტიპია, კეთილი, მიამიტი და ვიტომ ნიჭიერი.ზის ჩიღო თავისი მეგობრის წინ, რომელიც იმდენად განსხვავებულია რომ ხანდახან უცხოპლანეტელი გონია და სწორედ ეს იზიდავ მეგობარში, მისი განუსაზღვრელობა.ამასობაში სანთელიც იწვება,თავისთვის ჩუმად და უყურებს გამვლელებს.ნოკამის მთელი დღეა ჰგონია რომ დღეს ხუთშაბათის მაგივრად ოთხშაბათია,შეიძლება ასეც იყოს,ეს ავღნიშნე მე რომ ძალიან პირობითია და არავინ არ იცის იქნებ კაცობრიობა ცდება და ნოკამი მართალია, იქნებ მართლაც ის დღეა რასაც შეიძლება ვუწოდოთ ოთხშაბათი, იქნებ დღევანდელი დღე ოთხშაბათს უფრო უხდება……..მუსიკას ვუსმენ……….
მე წავედი.
–ისე შეშლილ პოეტს კი გავხარ და.
ფუღუროებით გამოჭმული ხე ვარ, თვალების და თითების ნაკეცები დამეკუჭა თითქოს, ბაბუა მენატრება.მითხრეს რომ გამაგიჟებს თავთან ლაპარაკი და გუგულის ბუდე არ ამცდება ასე თუ გავაგრძელებ.აუცილებლად მოვინდომებ……..სიყრუეს.
ნინი მოვიდა……….
2
ოვულაცია
კბილებს კაწკაწის თავი არ აქვს და ჭრიალით კმაყოფილდება.
ძვალი ძვალს ცახცახით ებმება,თითქოს წკიპზეა და მოწყდება.
ქვიშის საათია და ზევიდან ქვევით სისხლისფრად იწვეთება.
ვიღაცა შენს საკვერცხეზე თავის ჩამოხრჩობას ცდილობს და ნესტოები ფართოვდება თითქოს სუნთქვას ეხმარები რომ უშველოს.
სხვა შეგრძნებები გუბდება და ფულის რეზინასავით იწელება,რომ მოეშვება უგემურად იზლაზნება და წუხს.
პირიდან დასრესილი შინდის სუნი ამოგდის, საფეთქლებში ტარაკანა ქოშინებს,თეძოებზე რკინის ებური სიცივე ლამუნებს. დრო და დრო ჩაცუცქული ქვევრში გრძნობ თავს, რომელშიც შარშანდელი ჩირია დარჩენილი ამოგლესილად.
არაფერი შველის დედამიწის ზურგზე, არაფერი შეძრნებებს, რომელსაც ადამიანობიდან უფორმო უსქესობის კადრში გადავყავხარ და გძიძგნის.






